ახალ წელს უძველესი დროიდან აღნიშნავენ. მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ზეიმობდნენ ძველი ეგვიპტელები. ძვ. წ. აღ. 2000 წლისათვის ეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ახალი მთვარის გამოჩენას დაუკავშირეს და მას გაზაფხულის პირველ დღეს დღესასწაულობდნენ. ეს დრო ახალი წლის აღსანიშნავად ლოგიკური იყო, გაზაფხული ხომ ბუნების გაცოცხლების, თესვისა და ყვავილობის პერიოდია.
ბაბილონელთათვის ახალი წლის დღესასწაული თერთმეტ დღეს გრძელდებოდა და ყოველი დღე თავისებურად აღინიშნებოდა
ადრე ახალ წელს რომაელებიც გაზაფხულზე დღესასწაულობდნენ. ჩვ. წ. აღ. 153 წელს რომის სენატმა ახალი წლის დაწყების თარიღად 1 იანვარი გამოაცხადა. ამ თვეს „იანვარი“ სწორედ რომაელებმა უწოდეს მათი წარმართული ღვთაების – იანუარის – სახელის მიხედვით. ქართულად ამ თვეს აპნისი ეწოდება.
ახალი წელი დიდი სახალხო დღესასწაული იყო. ამ დროს ეწყობოდა წარმართული გართობა-თამაშობები, შეჯიბრებები და სანახაობები. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანას თავისებური ჰქონდა. მაგალითად, ბაბილონელები საახალწლოდ რაიმე გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო წონაში დაკლება ან მოწევისათვის თავის დანებება. ამ დღეს აბრუნებდნენ ნასესხებ სამუშაო იარაღებსაც
1)საბერძნეთი
ძველ საბერძნეთში ახალი წლის აღნიშვნა მათი ღვთაების – დიონისეს სახელს უკავშირდებოდა. ამ დროს, ბერძნული ტრადიციით, ქუჩებში კალათაში ჩასმულ ბავშვებს ჩამოატარებდნენ ხოლმე, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე დიონისე ხელახლა იბადებოდა და ნაყოფიერება მოჰქონდა.
2)რომი
ძველი რომაელები ფიქრობდნენ, რომ მთელ წელს ისე გაატარებდნენ, როგორც ახალ წელს შეხვდებოდნენ, ამიტომ ხალხი ახალი წლის პირველ წუთებს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ხვდებოდა. წვეულება ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა
3)საქართველო
განსაკუთრებულად ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოშიც. ქართველთა „მეკვლედ“ წმინდა ბასილი დიდი ითვლებოდა, რადგან 1 იანვარს (ახალი სტილით 14 იანვარს (ე.წ. „ძველით ახალ წელს“) მისი ხსენებაა. ქართველი ხალხისათვის ეს წმინდანი განსაკუთრებით საყვარელია. მას ევედრებოდნენ წლის ბედნიერად წარმართვისათვის და განსაკუთრებით ვაჟიანობისა და საქონლის გამრავლებისათვის. დასავლეთ საქართველოში ახალი წლის დადგომისას კაცები გარეთ გადიოდნენ, ქალები კი სახლში ლოცულობდნენ, შესთხოვდნენ ღმერთსა და ბასილს, რომ ამ წელს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ლოცვის შემდეგ კაცები ბრუნდებოდნენ. უფროსს მოჰქონდა ჩიჩილაკი. მათ კარებს მანამდე არ გაუღებდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ „წმინდა ბასილას მოაბრძანებდნენ“. ჩიჩილაკის ტალღოვანი ბურბუშელა წმინდა ბასილი დიდის წვერს განასახიერებს. გადმოცემით, წმინდა ბასილს სწორედ გრძელი და დატალღული წვერი ჰქონდა. ჩიჩილაკს რთავდნენ სუროს ფოთლებით, კურკანტელას წითელი მარცვლებით, ჩურჩხელებით, ტკბილეულითა და ხილით. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის სუფრას ამშვენებდა ე.წ. „ბედისკვერები“, რომლებიც კაცის ფორმისა იყო და „ბასილა“ ერქვა, ასევე წმინდა ბასილის პატივად. ქართულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საშობაოდ დაკლული ღორის თავი, რომლის ირგვლივ გაწყობილ სადღესასწაულო კერძებისა და ჭირნახულის სიმრავლე იმედით ავსებდა ოჯახს.
ადრე მიაჩნდათ, რომ ახალ წელს შემოსულ პირველ სტუმარს ოჯახისათვის ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. საახალწლოდ სახლებს საგანგებოდ რთავდნენ ნაძვის ტოტებით, სუროს ფოთლებით და სხვა მარადმწვანე მცენარეებით, რადგან ისინი მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.
http://ucnauri.com/32390/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90/