რატომ აღინიშნება ქალთა დღესასწაული მაინცდამაინც 8 მარტს?
ყველაფერი დაიწყო 1857 წლის გაზაფხულზე. 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.
გავიდა ორი წელი და ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. პროტესტი იზრდებოდა, უკმაყოფილო ქალების რიცხვი მატულობდა. მათ პროტესტს შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდნენ. 1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე _ 8 მარტი, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის _ კლარა ცეტკინის ინიციატივით.'
1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის ნაპერწკალმა რუსეთშიც იფეთქა. აქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სოლიდარობის მიზნით. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იწოდება, 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღე დააწესეს.
დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.
No comments:
Post a Comment