ოქტობერფესტი
ოქტობერფესტის ტრადიცია დასაბამს 1810 წლის 12 ოქტომბრიდან იღებს, მაშინ როდესაც ბავარიის მომავალი მეფე ლიუდვიგ პირველი საქსონიის პრინცესა ტერეზაზე ქორწინდებოდა. ქალაქის შესასვლელთან დიდ მინდორზე ახალდაქორწინებულთა საპატივცემულოდ დოღი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ამ მინდორს დღესაც ტერეზას მინდორს (Theresienwiese) უწოდებენ. წყვილმა მას შემდეგ ტრადიციად გახადა ყოველ წელს ერთსა და იმავე პერიოდში გაემართათ სახალხო დღესასწაული დოღით და სხვადასხვა სახის გასართობებით.
1813 წელს ფესტივალი გაუქმდა ვინაიდან ბავარია ჩაება ნაპოლეონის ომში, თუმცა ძალიან მალე ოქტობერფესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და 1819 წელს უკვე ქალაქის მმართველობამ ითავა მისი ორგანიზატორობა. დაემატა ბურთის სათამაშო მოედნები, საქანელები, ჯიხურები სხვადასხვა აზარტული თამაშებით, სადაც პორცელანის, ვერცხლისა და ძვირფასეულობის მოგება შეიძლებოდა.
1880 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება დართო ლუდხანებს ფესტივალზე ლუდის გაყიდვის. ამ პერიოდიდან ფესტივალმა უდიდესი პოპულარობა შეიძინა და 1960 წლამდე მსოფლიოში უდიდეს ფესტივალად ითვლებოდა.
ტრადიციის მიხედვით ფესტივალის გახსნის დღეს 12 საათზე ქალაქის მერი საზეიმო ვითარებაში ხსნის ლუდის პირველ კასრს. ქალაქის ქუჩებში კი დილიდან სვლას იწყებენ ლუდის კასრებით დატვირთული ეტლები და ურმები, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოკაზმული ფესტივალის მონაწილეები და ორკესტრები.
16 დღიანი ფესტივალის განმავლობაში ისმევა 7 მილიონ ლიტრამდე ლუდი, სასმელის გარდა აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი სოსისები და ძეხვეული, შებრაწული წიწილები და ბატები, ხარისგან დამზადებული განსაკუთრებული კერძები და ბრეცელები (ტრადიციული გერმანული მარილიანი ფუნთუშა).
http://ka-ge.facebook.com/notes/via-travel/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/265104070169610
No comments:
Post a Comment