თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს.
ახლად დაარსებული თბილისობის აღნიშვნა რესტავრირებულ უბნებში განხორციელდა და კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო: თბილისური სახლების აივნებიდან, როგორ ოდესღაც, ახლაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოწყობილი კავებიანი ,,კნეინები” გადმოჰყურებდნენ მტკვარზე მოცურავე ტივებს.
დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები და აშუღთა სიმღერები-ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.
თუმცა თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ.
მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი -აღორძინებული ხალხური თამაშობანი-კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა წარმოადგენდა. ძველ თბილისში ჭიდაობის საასპარეზო ალაგად დიდუბე ითვლებოდა და დღესაც აკაკის ბაღი ფალავანთა შეხვედრის ადგილია.
უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება, რაც არანაკლებ საზეიმო ვითარებაში ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ჯერ სამ ათეულ წელიწადსაც არ ითვლის, იგი უკვე ურყევ ტრადიციადაა ქცეული. დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.
http://www.tbilisiculture.com/index.php?pg=hl&tp=7
მცხეთობა
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.).
სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია, რადგან აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის – იესო ქრისტეს კვართი – სამოსელი. კვართი ღმრთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი, კვართი, წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ეს ღვთის ნებით შესრულდა, რადგან ქართლის ქვეყანაში კვართთან ერთად, ქრისტეს მადლს, ღვთაებრივ ძალას ჩამოეღწია.
მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და – სიდონია შეეგება. სიდონიამ ძმისაგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და ისე ძლიერ განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით სიდონიას ცხოვრების შესახებ. მიუხედავად ამისა, ის წმინდანად არის შერაცხული, იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული მან თავისი სიკვდილით დაამტკიცა.
მაცხოვარმა ინება, რომ ამ დიდი სიწმიდის გამოგზავნის გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვაც ექადაგათ მოციქულებს – ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას.
მას შედეგ სამი საუკუნე გავიდა, მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.
კაბადოკიაში მცხოვრებმა 12 წლის მორწმუნე გოგონამ, ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ იესოს კვართი ჩრდილოეთით მდებარე წარმართთა ქვეყანაში მოხვედრილა. ნინოს ღმრთისმშობელი გამოეცხადა და დაავალა თავის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. თან ვაზისაგან საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვარი მისცა.
პატარა გოგონა ნინო, შემდეგ ქართველთა ქრისტეს სარწმუნოებაზე მომქცევი, მოციქულთასწორი წმიდანი გახდა. ნინოს ლოცვით მოხდენილი მრავალი სასწაულის შემდეგ, ნამდვილი ღმერთი ირწმუნეს ქართლის მეფემ და დედოფალმა – მირიანმა და ნანამ. შემდეგ კი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს.
წმინდა ნინოს თანხმობით ტაძარი მეფის სასახლის სამოთხეში – ბაღში უნდა აეგოთ. იქ მდგარი ხეებისაგან გამოკვეთეს შვიდი სვეტი. ექვსი აღმართეს, მეშვიდეს კი ვერაფერი მოუხერხეს. ღამით წმიდა ნინომ თავის მოწაფე ქალწულებთან ერთად იხილა, როგორ გადმოვიდა ზეციდან ანგელოზი და როგორ აამაღლა სვეტი მოჭრილი ხის ძირზე. ხის სვეტს ნათელი სვეტი დაადგა, რომელიც ზეცას წვდებოდა. ეს ხე სიდონიას საფლავზე აღმოჩენებული კვიპაროსი იყო. ეს იყო ადგილი, სადაც იესოს კვართი სამი საუკუნის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. სვეტმა მრავალი სასწაული მოახდინა. მას მირონი სდიოდა, კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. იგი იქცა ქრისტეს ძალის, მადლის, ახალი სიცოცხლის მომნიჭებლად, ამიტომაც უწოდებენ მას სვეტი-ცხოველს, ანუ სიცოცხლის სვეტს.
სასწაულთმოქმედი სვეტი ტაძრის შუაგულში იდგა. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ახლად შენდებოდა, ფართოვდებოდა, მშვენდებოდა. შემდგომში თავად ტაძარს ეწოდა “სვეტიცხოველი”. ის არის ჩვენი დედა ტაძარი, რადგან სწორედ აქედან მოეფინა მთელ საქართველოს ქრისტეს სიცოცხლე და ნათელი.
No comments:
Post a Comment