Thursday, December 20, 2012

axali weli



ახალ წელს უძველესი დროიდან აღნიშნავენ. მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ზეიმობდნენ ძველი ეგვიპტელები. ძვ. წ. აღ. 2000 წლისათვის ეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ახალი მთვარის გამოჩენას დაუკავშირეს და მას გაზაფხულის პირველ დღეს დღესასწაულობდნენ. ეს დრო ახალი წლის აღსანიშნავად ლოგიკური იყო, გაზაფხული ხომ ბუნების გაცოცხლების, თესვისა და ყვავილობის პერიოდია.
ბაბილონელთათვის ახალი წლის დღესასწაული თერთმეტ დღეს გრძელდებოდა და ყოველი დღე თავისებურად აღინიშნებოდა
ადრე ახალ წელს რომაელებიც გაზაფხულზე დღესასწაულობდნენ. ჩვ. წ. აღ. 153 წელს რომის სენატმა ახალი წლის დაწყების თარიღად 1 იანვარი გამოაცხადა. ამ თვეს „იანვარი“ სწორედ რომაელებმა უწოდეს მათი წარმართული ღვთაების – იანუარის – სახელის მიხედვით. ქართულად ამ თვეს აპნისი ეწოდება.
ახალი წელი დიდი სახალხო დღესასწაული იყო. ამ დროს ეწყობოდა წარმართული გართობა-თამაშობები, შეჯიბრებები და სანახაობები. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანას თავისებური ჰქონდა. მაგალითად, ბაბილონელები საახალწლოდ რაიმე გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო წონაში დაკლება ან მოწევისათვის თავის დანებება. ამ დღეს აბრუნებდნენ ნასესხებ სამუშაო იარაღებსაც

1)საბერძნეთი
ძველ საბერძნეთში ახალი წლის აღნიშვნა მათი ღვთაების – დიონისეს სახელს უკავშირდებოდა. ამ დროს, ბერძნული ტრადიციით, ქუჩებში კალათაში ჩასმულ ბავშვებს ჩამოატარებდნენ ხოლმე, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე დიონისე ხელახლა იბადებოდა და ნაყოფიერება მოჰქონდა.
2)რომი
ძველი რომაელები ფიქრობდნენ, რომ მთელ წელს ისე გაატარებდნენ, როგორც ახალ წელს შეხვდებოდნენ, ამიტომ ხალხი ახალი წლის პირველ წუთებს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ხვდებოდა. წვეულება ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა
3)საქართველო
განსაკუთრებულად ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოშიც. ქართველთა „მეკვლედ“ წმინდა ბასილი დიდი ითვლებოდა, რადგან 1 იანვარს (ახალი სტილით 14 იანვარს (ე.წ. „ძველით ახალ წელს“) მისი ხსენებაა. ქართველი ხალხისათვის ეს წმინდანი განსაკუთრებით საყვარელია. მას ევედრებოდნენ წლის ბედნიერად წარმართვისათვის და განსაკუთრებით ვაჟიანობისა და საქონლის გამრავლებისათვის. დასავლეთ საქართველოში ახალი წლის დადგომისას კაცები გარეთ გადიოდნენ, ქალები კი სახლში ლოცულობდნენ, შესთხოვდნენ ღმერთსა და ბასილს, რომ ამ წელს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ლოცვის შემდეგ კაცები ბრუნდებოდნენ. უფროსს მოჰქონდა ჩიჩილაკი. მათ კარებს მანამდე არ გაუღებდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ „წმინდა ბასილას მოაბრძანებდნენ“. ჩიჩილაკის ტალღოვანი ბურბუშელა წმინდა ბასილი დიდის წვერს განასახიერებს. გადმოცემით, წმინდა ბასილს სწორედ გრძელი და დატალღული წვერი ჰქონდა. ჩიჩილაკს რთავდნენ სუროს ფოთლებით, კურკანტელას წითელი მარცვლებით, ჩურჩხელებით, ტკბილეულითა და ხილით. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის სუფრას ამშვენებდა ე.წ. „ბედისკვერები“, რომლებიც კაცის ფორმისა იყო და „ბასილა“ ერქვა, ასევე წმინდა ბასილის პატივად. ქართულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საშობაოდ დაკლული ღორის თავი, რომლის ირგვლივ გაწყობილ სადღესასწაულო კერძებისა და ჭირნახულის სიმრავლე იმედით ავსებდა ოჯახს.
ადრე მიაჩნდათ, რომ ახალ წელს შემოსულ პირველ სტუმარს ოჯახისათვის ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. საახალწლოდ სახლებს საგანგებოდ რთავდნენ ნაძვის ტოტებით, სუროს ფოთლებით და სხვა მარადმწვანე მცენარეებით, რადგან ისინი მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.











http://ucnauri.com/32390/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90/

Monday, December 10, 2012

მცხეთობა


მცხეთობასვეტიცხოვლობაკვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.).
სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია, რადგან აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის – იესო ქრისტეს კვართი – სამოსელი. კვართი ღმრთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი, კვართი, წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ეს ღვთის ნებით შესრულდა, რადგან ქართლის ქვეყანაში კვართთან ერთად, ქრისტეს მადლს, ღვთაებრივ ძალას ჩამოეღწია.

მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და – სიდონია შეეგება. სიდონიამ ძმისაგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და ისე ძლიერ განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით სიდონიას ცხოვრების შესახებ. მიუხედავად ამისა, ის წმინდანად არის შერაცხული, იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული მან თავისი სიკვდილით დაამტკიცა.
მაცხოვარმა ინება, რომ ამ დიდი სიწმიდის გამოგზავნის გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვაც ექადაგათ მოციქულებს – ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას.
მას შედეგ სამი საუკუნე გავიდა, მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.
კაბადოკიაში მცხოვრებმა 12 წლის მორწმუნე გოგონამ, ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ იესოს კვართი ჩრდილოეთით მდებარე წარმართთა ქვეყანაში მოხვედრილა. ნინოს ღმრთისმშობელი გამოეცხადა და დაავალა თავის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. თან ვაზისაგან საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვარი მისცა.
პატარა გოგონა ნინო, შემდეგ ქართველთა ქრისტეს სარწმუნოებაზე მომქცევი, მოციქულთასწორი წმიდანი გახდა. ნინოს ლოცვით მოხდენილი მრავალი სასწაულის შემდეგ, ნამდვილი ღმერთი ირწმუნეს ქართლის მეფემ და დედოფალმა – მირიანმა და ნანამ. შემდეგ კი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს.

წმინდა ნინოს თანხმობით ტაძარი მეფის სასახლის სამოთხეში – ბაღში უნდა აეგოთ. იქ მდგარი ხეებისაგან გამოკვეთეს შვიდი სვეტი. ექვსი აღმართეს, მეშვიდეს კი ვერაფერი მოუხერხეს. ღამით წმიდა ნინომ თავის მოწაფე ქალწულებთან ერთად იხილა, როგორ გადმოვიდა ზეციდან ანგელოზი და როგორ აამაღლა სვეტი მოჭრილი ხის ძირზე. ხის სვეტს ნათელი სვეტი დაადგა, რომელიც ზეცას წვდებოდა. ეს ხე სიდონიას საფლავზე აღმოჩენებული კვიპაროსი იყო. ეს იყო ადგილი, სადაც იესოს კვართი სამი საუკუნის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. სვეტმა მრავალი სასწაული მოახდინა. მას მირონი სდიოდა, კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. იგი იქცა ქრისტეს ძალის, მადლის, ახალი სიცოცხლის მომნიჭებლად, ამიტომაც უწოდებენ მას სვეტი-ცხოველს, ანუ სიცოცხლის სვეტს.
სასწაულთმოქმედი სვეტი ტაძრის შუაგულში იდგა. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ახლად შენდებოდა, ფართოვდებოდა, მშვენდებოდა. შემდგომში თავად ტაძარს ეწოდა “სვეტიცხოველი”. ის არის ჩვენი დედა ტაძარი, რადგან სწორედ აქედან მოეფინა მთელ საქართველოს ქრისტეს სიცოცხლე და ნათელი.




თბილისობა


თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს. 
ახლად დაარსებული თბილისობის აღნიშვნა  რესტავრირებულ უბნებში განხორციელდა და კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო: თბილისური სახლების აივნებიდან, როგორ ოდესღაც, ახლაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოწყობილი კავებიანი ,,კნეინები” გადმოჰყურებდნენ  მტკვარზე მოცურავე ტივებს. 

დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები  და აშუღთა სიმღერები-ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.
თუმცა თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად  ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ. 
მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი -აღორძინებული ხალხური თამაშობანი-კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა წარმოადგენდა. ძველ თბილისში ჭიდაობის საასპარეზო ალაგად დიდუბე ითვლებოდა და დღესაც აკაკის ბაღი ფალავანთა შეხვედრის ადგილია.  
უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ. დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება, რაც არანაკლებ საზეიმო ვითარებაში ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ჯერ სამ ათეულ წელიწადსაც არ ითვლის, იგი უკვე ურყევ ტრადიციადაა ქცეული.  დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.





http://www.tbilisiculture.com/index.php?pg=hl&tp=7

Sunday, December 9, 2012

ბზობა


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.  ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.
ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.




http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/6kvira/kvira.htm

შობა


   7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ.

შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.
მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს უნდა ანთებდეს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში უნდა იხმობდეს.


გერმანიის დღესასწაული


                                              ოქტობერფესტი


ოქტობერფესტის ტრადიცია დასაბამს 1810 წლის 12 ოქტომბრიდან იღებს, მაშინ როდესაც ბავარიის მომავალი მეფე ლიუდვიგ პირველი საქსონიის პრინცესა ტერეზაზე ქორწინდებოდა. ქალაქის შესასვლელთან დიდ მინდორზე ახალდაქორწინებულთა საპატივცემულოდ დოღი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ამ მინდორს დღესაც ტერეზას მინდორს (Theresienwiese) უწოდებენ. წყვილმა მას შემდეგ ტრადიციად გახადა ყოველ წელს ერთსა და იმავე პერიოდში გაემართათ სახალხო დღესასწაული დოღით და სხვადასხვა სახის გასართობებით.
1813 წელს ფესტივალი გაუქმდა ვინაიდან ბავარია ჩაება ნაპოლეონის ომში, თუმცა ძალიან მალე ოქტობერფესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და 1819 წელს უკვე ქალაქის მმართველობამ ითავა მისი ორგანიზატორობა. დაემატა ბურთის სათამაშო მოედნები, საქანელები, ჯიხურები სხვადასხვა აზარტული თამაშებით, სადაც პორცელანის, ვერცხლისა და ძვირფასეულობის მოგება შეიძლებოდა.
  
1880 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება დართო ლუდხანებს ფესტივალზე ლუდის გაყიდვის. ამ პერიოდიდან ფესტივალმა უდიდესი პოპულარობა შეიძინა და 1960 წლამდე მსოფლიოში უდიდეს ფესტივალად ითვლებოდა.
ტრადიციის მიხედვით ფესტივალის გახსნის დღეს 12 საათზე ქალაქის მერი საზეიმო ვითარებაში ხსნის ლუდის პირველ კასრს. ქალაქის ქუჩებში კი დილიდან სვლას იწყებენ ლუდის კასრებით დატვირთული ეტლები და ურმები, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოკაზმული ფესტივალის მონაწილეები და ორკესტრები.
16 დღიანი ფესტივალის განმავლობაში ისმევა 7 მილიონ ლიტრამდე ლუდი, სასმელის გარდა აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი სოსისები და ძეხვეული, შებრაწული წიწილები და ბატები, ხარისგან დამზადებული განსაკუთრებული კერძები  და ბრეცელები (ტრადიციული გერმანული მარილიანი ფუნთუშა).











http://ka-ge.facebook.com/notes/via-travel/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/265104070169610

ბავშვთა დაცვის დღე


1.    ბავშვს უნდა მიეწოდებოდეს ყველა საშუალება, რომელიც აუცილებელია მისი როგორც ფიზიკური ასევე სულიერი განვითარებისათვის;
2.    მშიერი ბავშვი უნდა იყოს დაპურებული; თუ ბავშვი ავად არის, მას უნდა აღმოვუჩინოთ  დახმარება; საჭირო შევუსწოროთ ბავშვს, რომელიც უშვებს  შეცდომას; უნდა აღმოუჩინოთ მხარდაჭერა მძიმე წუთებში და მივცეთ თავშესაფარი ობოლ და მიუსაფარ ბავშვს; 
3.    ბავშვმა უნდა მიიღოს ყველა სახის დახმარება მისთვის ყველაზე საჭირო და რთულ მომენტში;  
4.    ბავშვი უნდა აღიზარდოს სიყვარულის ატმოსფეროში, იყოს დაცული ექსპლუატაციის ყველა ფორმისგან.
5.    ბავშვი უნდა აღიზარდოს იმ შეგნებით, რომ მისი საუკეთესო თვისებები ემსახურება სხვის კეთილდღეობასაც.
ბავშვთა უფლებების დეკლარაციაში შემავალი ეს 5 ძირითადი პრინციპი ბრიტანელმა რეფორმატორმა ქალბატონმა ეგლანტინ ჯებმა შეიმუშავა. დეკლარაცია 1924 წლის 26 ნოემბერს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის V ასამბლეაზე დამტკიცდა. სწორედ აღნიშნულ დეკლარაციაზე დაყრდნობით და ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით 1949 წლის ნოემბერში, პარიზში დაწესდაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის სიმბოლო მწვანე ფონზე გამოსახული დედამიწა და სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურებია, ეს ფიგურები განასახიერებენ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოდით ყველამ ერთად შევეცადოთ ქონდეს ჩვენს მომავალს მარავლფეროვანი და ტოლერანტული გარემო მთელს დედამიწაზე.



8 მარტი


რატომ აღინიშნება ქალთა დღესასწაული მაინცდამაინც 8 მარტს?

ყველაფერი დაიწყო 1857 წლის გაზაფხულზე. 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.
   გავიდა ორი წელი და ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. პროტესტი იზრდებოდა, უკმაყოფილო ქალების რიცხვი მატულობდა. მათ პროტესტს შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდნენ. 1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე _ 8 მარტი, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის _ კლარა ცეტკინის ინიციატივით.'
1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის ნაპერწკალმა რუსეთშიც იფეთქა. აქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სოლიდარობის მიზნით. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იწოდება, 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღე დააწესეს.
   დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს
  ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
   ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.